ტემპერამენტი


ადამიანს ტემპერამენტი დაბადებიდანვე დაჰყვება. მას ვერ შევუცვლით, მაგრამ მისი გაგება და მისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელია. ახალშობილი ამ ქვეყანას ნერვული სისტემის ჩამოყალიბებული თვისებებით ევლინება. სწორედ ნერვული სისტემის თავისებურებები განსაზღვრავს შემდგომ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებას. ნერვული სისტემის თვისებების, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტემპერამენტის დამსახურებაა პაწაწინა ადამიანის ხასიათი, ემოციების გამოვლენის ხერხები, ახალი ცოდნის ათვისება, მიდრეკილება გარკვეული ტიპის საქმიანობისადმი, სწრაფვა მონოტონურობისკენ ან, პირიქით, ცვლილებებისკენ. ბავშვს ან ერთ-ერთი მშობლის ტემპერამენტი დაჰყვება, ან თანაბრად იღებს ორივე მათგანის თვისებებს. სწორედ ამიტომ იბადებიან ერთსა და იმავე ოჯახში განსხვავებული ხასიათის ბავშვები.
თეორია ტემპერამენტთა შესახებ ძველი ბერძენი ექიმის ჰიპოკრატეს სახელს უკავშირდება. და ესენია ქოლერიკი,სანგვინიკი,ფლეგმატიკი და მელანქოლიკი.
ქოლერიკი მისი მთავარი პრინციპია "მინდა ყველაფერი, თანაც ერთად!" გუნება-განწყობის ხშირი ცვლილება და ემოციური არასტაბილურობა - აი ქოლერიკის მთავარი თვისებები. ადრეულ ბავშვობაში ქოლერიკი ნებისმიერი მიზეზის გამო ყვირის. ზოგჯერ უმიზეზოდაც. ყველაფრის თავიდათავი კი არასტაბილური, გაუწონასწორებელი ნერვული სისტემაა. ქოლერიკი ბავშვები ძიებით არ იღლებიან. მათ ყველაფერი მალე ბეზრდებათ. მათი ფსიქიკა მუდმივად მოითხოვს ახალ შთაბეჭდილებებსა და აღმოჩენებს, რაც იწვევს სწრაფვას მოძრაობისა და აქტიურობისკენ. პატარა ქოლერიკი მუდამ ცელქობს, ონავრობს, თანატოლებთან თამაშიც ხშირად მთავრდება ჩხუბითა და ურთიერთობების გარკვევით. ასეთი ბავშვი ხშირად მიისწრაფვის ლიდერობისკენ და საკუთარ აზრს თავს ახვევს სხვებს, რადგან გულწრფელად მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი აზრია სწორი. ქოლერიკი სწრაფად მეტყველებს, ყლაპავს ცალკეულ სიტყვებს, თუმცა საუბრობს გამართულად, ემოციურად. მოძრაობები მიზანმიმართული აქვს, მკვეთრი, ენერგიული. არ შეუძლია მოთმენა, ლოდინი, ემოციის შეკავება. ახალ ინფორმაციას ადვილად და სწრაფად ითვისებს, მაგრამ მეორე დღესვე ივიწყებს. ადვილად ეგუება ახალ და უჩვეულო გარემოს. ხშირად ღალატობს განსჯის უნარი და უჭირს საკუთარი შესაძლებლობებისა და ძალების სათანადო შეფასება. უყვარს პუბლიკაზე თამაში, გამუდმებით სჭირდება მაყურებლები და მსმენელები, რომელთაგანაც გაგებას და მოწონებას ელის. მარტოობის ჟამს ტირილი და ჭირვეულობა ასეთი ბავშვისთვის უცხოა. მას ნაცნობების ფართო წრე ჰყავს, ზოგიერთ მათგანს ეთამაშება, ზოგიერთთან პრობლემებს განიხილავს, ზოგიერთთან კი სიმპათიის გამო აქვს კონტაქტი. ქოლერიკ ბავშვებს უჭირთ ჩაძინება. ამის მიზეზია ნერვული სისტემის აღგზნება დღის განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებების გამო. ყოველგვარ სასჯელზე ჩაკეტილობით ან აგრესიით რეაგირებენ.
სანგვინიკი მისი მთავარი პრინციპია "მე შენი მჯერა. შენ?" სანგვინიკი ბავშვი კეთილგანწყობილია, ხალსიანი, თუმცა მორჩილიც. სანგვინიკს სწყურია ცვლილებები, შთაბეჭდილებები. ის ადვილად პოულობს ახალ ნაცნობებს, მიისწრაფვის ახალი ადგილების დასალაშქრავად, მოითხოვს ახალ გასართობებს. სანგვინიკის თვალსაჩინო უზრუნველობა ემყარება ბუნებრივ იღბლიანობასა და ნიჭიერებას.  სტატისტიკის თანახმად, ამ ტიპის ადამიანებს შორის ყველაზე მეტია მოგზაური და თავგადასავალთა მაძიებელი. სანგვინიკი ბავშვის ცნობისმოყვარეობა უსაზღვროა. მას იტაცებს ყველაფერი ახალი და უცნობი. ბავშვი მზად არის, ყველაფერი ერთად აკეთოს და ამ დროს ყურადღება არ მიაქციოს ხარისხს. ის ხშირად ტოვებს საქმეს დაუმთავრებელს, თუმცა ადვილად და სწრაფად ითვისებს მიღებულ ინფორმაციას. აქტიურობასა და კეთილგანწყობას მხოლოდ მაშინ ამჟღავნებს, როცა ეს ირგვლივ მყოფებს მოსწონთ. ახასიათებს საკუთარი თავის სიყვარული, ნარცისიზმი. ხშირად სთხოვს მშობლებს, ყველაზე ძვირი და მოდური ტანსაცმელი უყიდონ. არცთუ იშვიათად სანგვინიკები იმას არ ამბობენ, რასაც ფიქრობენ. ეშმაკობა, მატყუარობაც ახასიათებთ. ბავშვი-სანგვინიკი ადვილად მიდის კომპრომისზე, მას არ ეშინია გაურკვევლობისა და სირთულის, ადვილად ივიწყებს წარუმატებლობას. ადვილად ამყარებს ურთიერთობას ნებისმიერ კოლექტივში და ეგუება უჩვეულო სიტუაციას. ეს თვისებები ბავშვს თანატოლთა შორის ლიდერად აქცევს. უფროსები ასეთ პატარებს თავის შვილებს ხშირად უსახავენ მაგალითად. სანგვინიკი მეტყველებს გამოთქმით, სწორად. დასჯაზე ბავშვი მშვიდად რეაგირებს, ის არ არის მიდრეკილი კონფლიქტისკენ. ძალიან ძნელია სანგვინიკის წონასწორობიდან გამოყვანა, მასთან ჩხუბი. სანგვინიკი ბავშვები ადვილად იძინებენ და ღრმად სძინავთ.
ფლეგმატიკი მისი ძირითადი პრინციპია "ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ მერე!" ფლეგმატურ ბავშვებს სტაბილურობა და სიჯიუტე ახასიათებთ. აზრს პრაქტიკულად ვერ შეაცვლევინებთ. ფელგმატიკი ყოველთვის აუღელვებელი და მშვიდია. სხვა ბავშვების საზოგადოება მისთვის სულაც არ არის აუცილებელი. შეუძლია, თავი მშვენივრად გაირთოს, კარგა ხანს ათვალიეროს წიგნი ან თავისივე თითებით ითამაშოს. საკვებისა და ადგილის ცვლილებისადმი ასეთი ბავშვები კონსერვატიულად არიან განწყობილნი. ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეჩვევიან ახალ კერძს, ძნელად იძინებენ ახალ გარემოში. არც საბავშვო ბაღსა და ახალ კოლექტივთან მიჩვევაა მათთვის ადვილი. ფლეგმატური ბავშვები სიტყვაძუნწნი, პასიურნი არიან. უჭირთ სოციალური კონტაქტის დამყარება, დიდი სიფთხილით ირჩევენ მეგობრებს. ფლეგმატური ბავშვების გრძნობები სტაბილურია, მუდმივი, მაგრამ ამავე დროს ზომიერი. ფეთქებადობა, დიდი გატაცება, გაბოროტება, ეჭვიანობა მათ მხოლოდ აბნევთ. ასეთი ბავშვები იმახსოვრებენ ძნელად, მაგრამ საფუძვლიანად. მათთვის დამახასიათებელია შრომისმოყვარეობა, ამტანობა, მიჩვეულნი არიან მონოტონურ და ერთგვაროვან ქმედებებს. არცთუ იშვიათად ასეთ ბავშვებს სკოლაში "მოზეპირეებს" უწოდებენ. ისინი ყველაფერს ნელა და საფუძვლიანად აკეთებენ, ყველა დაბრკოლებას ნელა გადალახავენ ხოლმე. ფლეგმატური ბავშვები არ არიან ლიდერები და პრაქტიკულად არასოდეს იჩენენ ინიციატივას. მათ არ უყვართ მხედველობის არეში ყოფნა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ამავე დროს ეს ბავშვები თავიანთ აზრს იცავენ, იშვიათ იცვლიან მას და ხშირად სიჯიუტესაც კი ამჟღავნებენ. ფლეგმატურ ბავშვებს არ უყვართ ტყუილი, თუმცა არც ტაქტით გამოირჩევიან, რის გამოც ხშირად ვარდებიან უხერხულ მდგომარეობაში. საკმაოდ კეთილგანწყობილნი და მშვიდობისმოყვარენი არიან, ცდილობენ არ ჩაერთონ კონფლიქტში და შეძლებისდაგვარად ახერხებენ კიდეც, თავი აარიდონ მას. არ უყვართ კამათი და დისკუსია. ურჩევნიათ, ყველაფრის დასაწყისი და დასასრული გათვალონ. მოსალოდნელი მოვლენისთვის წინასწარ ემზადებიან, თუმცა, ამავე დროს, ცდილობენ, ყველაფერი სამომავლოდ გადადონ. შედეგად ყველაფერს უკანასკნელ წუთებში და სახელდახელოდ აკეთებენ. მათი მეტყველება ნელია, ჩუმი, ჟესტები და მიმიკა - ძუნწი. წინადადებები მარტივია, სიტყვები ხშირად მეორდება. ეპითეტები იშვიათია. ფლეგმატური ბავშვი სწრაფად და მშვიდად იძინებს, მაგრამ უჭირს გაღვიძება. გამოსაფხიზლებლად მას დრო სჭირდება. გამოფხიზლებამდე ჭირვეული და უკმაყოფილოა.
მელანქოლიკი მისი მთავარი პრინციპია "მე არ ვმხიარულობ, იმიტომ, რომ მოწყენილი ვარ!" მორცხვობა, შიში და ორჭოფობა მისი ხასიათის ძირითადი თვისებებია. ადრეულ ბავშვობაში ეს გამოიხატება ტირილით, შიშით, ერთ ადამიანზე მიჯაჭვულობით. შემდგომ ამას ემატება მორცხვობა, წყენა, მეოცნებეობა... ნერვული სისტემის ძლიერი არასტაბილურობის გამო პატარას ნებისმიერი წვრილმანი აკარგვინებს წონასწორობას. ამ თვისებასთან ბრძოლა, მით უფრო - ამის გამო გაბრაზება კატეგორიულად აკრძალულია! მელანქოლიურ ბავშვთან უნდა იყო მშვიდი, ალერსიანი, ყურადღებიანი, აკონტროლო საკუთარ სიტყვები და ქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბავშვი ატირდეს. ტირილი ასეთი პატარების მთავარი იარაღია. მელანქოლიურ ბავშვებს განვითარებული აქვთ ხასიათის ემოციური თვისებები, რაც გამოიხატება გულისხმიერებით, თანაგრძნობით, სენტიმენტალობით. ადვილად ღიზიანდებიან და ხანგრძლივად იმახსოვრებენ წყენას. მელანქოლიურ ბავშვებს ყველაფრის ეშინიათ. ისინი ძნელად შედიან კონტაქტში და ძნელად ადაპტირდებიან ახალ კოლექტივში. არ არიან ლიდერები, ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში და ცდილობენ, შეუმჩნეველნი დარჩნენ. დასჯას ტრაგედიად აღიქვამენ. მცირე ასაკშიც კი ამან შეიძლება ფსიქიკა დაუზიანოთ. მელანქოლიური პატარა ყოველგვარ ცვლილებას მეტისმეტად ფრთხილად ეკიდება. ახალ, არასტანდარტულ სიტუაციაში იბნევა, ცდილობს ჩრდილში დარჩეს. იგივე ემართება კონფლიქტის დროს. მელანქოლიურ ბავშვს უჭირს ახალი ინფორმაციის ათვისება. გონებაგაფანტულია, უჭირს დაწყებულ საქმეზე კონცენტრირება. მათ  ღლით ნებისმიერი საქმიანობა - თამაში, კითხვა, ვარჯიში... სწორედ დაღლილობის გამო ეცვლებათ ხშირად განწყობილება. შესაძლოა მთელი კვირა ელოდეს ზოოპარკში წასვლას, მაგრამ გზაში ისე დაიღალოს, რომ ჭირვეულობა დაიწყოს და სეირნობაზე საერთოდ უარი თქვას. მელანქოლიკების მეტყველება ჩუმია, საკუთარ თავში დაურწმუნებელი, მაგრამ მდიდარი და გამართული. ყოველი მოძრაობა ფრთხილია, თითქოს საცდელი. ასეთი ბავშვები ძალიან ძნელად იძინებენ და გაღვიძებაც უჭირთ. მიუხედავად ასეთი ხასიათისა, მელანქოლიკები ყველაზე შემოქმედებითი და ღრმა პიროვნებები არიან. ისინი მზად არიან, მოისმინონ თქვენი პრობლემები და გულით თანაგიგრძნონ. მელანქოლიურ ბავშვებს ნატიფი გემოვნება და კარგი სმენა აქვთ. მათგან ყალიბდებიან ესთეტები, გურმანები და მუსიკოსები.
ტემპერამენტი გენეტიკურად განპირობებული თვისებაა, მაგრამ მისი მკვეთრი გამოხატვა მაშინ იწყება, როცა ხდება პიროვნების ჩამოყალიბება სოციალურ გარემოში. სწორედ ამიტომ ტემპერამენტის ტიპის განსაზღვრა მხოლოდ 3-4 წლის ასაკისთვის არის შესაძლებელი. ბუნებით ბოძებული ტემპერამენტის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ დროთა განმავლობაში, სოციალური გამოცდილების კვალობაზე, ის გარკვეულ ცვლილებას მაინც განიცდის. უმეტესად ეს დაკავშირებულია პროფესიულ საქმიანობასთან, გარემოცვასთან. ცხოვრებისეულ გარემოებათა გავლენით ადამიანი სწავლობს დაფაროს ერთი და გამოავლინოს მეორე თვისება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სუფთა სახით ესა თუ ის ტიპი იშვიათად გვხვდება. ჩვეულებრივ, ყველა ჩვენგანს აქვს ოთხივე ტიპის თვისებები. მთავარია განვსაზღვროთ, რომელი მათგანი დომინირებს ადამიანში. სწორედ დომინანტური ტემპერამენტის საფუძველზე ხდება ქცევისა და ხასიათის ფორმირება.

No comments:

Post a Comment