გარშემომყოფები


ბავშვი ოჯახის სარკეა.
ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლების სიყვარული და ყურადღება,განსაკუთრებით დედის.მაგრამ ბავშვისს სწორი აღზრდის და განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ბებია-ბაბუიის,და-ძმის,ამხანაგ-მეგობრების,ნათესავების და თუნდაც ძიძის მისდამი მოპყრობა და გამოჩენილი სითბო და სიყვარული.
დედა და მამა:ზოგიერთს რატომღაც მიაჩნია, რომ ახალშობილისთვის მხოლოდ დედასთან ურთიერთობაა უმნიშვნელოვანესი, ხოლო აღზრდაში მამის მონაწილეობა ჩვილის სიცოცხლის პირველ ეტაპზე სრულიადაც არ არის აუცილებელი. ამ შეხედულების მომხრეებს ავიწყდებათ, რომ მამას შეუძლია, სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე ძალიან ბევრი რამ მისცეს შვილს. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ პატარას ნორმალური ოჯახური ურთიერთობის მოდელი სიცოცხლის პირველსავე დღეებში უყალიბდება. ეს მოდელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის შემდგომ ცხოვრებაშიც. სწორედ საკუთარი მშობლების მაგალითზე სწავლობს ბავშვი განსხვავებას დედასა და მამას შორის, ითვისებს ქალისა და მამაკაცის როლს, ეცნობა მათ ურთიერთდამოკიდებულებას. ჩვეულებრივ, დედას ოჯახის "შინაგანი მფარველის" როლი აკისრია, ოჯახურ სიმყუდროვესა და სულიერ კომფორტს უზრუნველყოფს, მამა კი "საგარეო ურთიერთობებს" აწესრიგებს. ბავშვი მცირე ასაკიდანვე გრძნობს, რომ სხვადასხვა ადამიანი მის მიმართ სიყვარულს სხვადასხვანაირად გამოხატავს. როცა პაწაწინა დაინახავს, რომ სითბოსა და რძეს დედისგან იღებს, ხოლო თამაშს - მამისგან, მიხვდება, რომ სამყარო დედით არ შემოიფარგლება და თავადაც უფრო ცნობისმოყვარე და დამოუკიდებელი გახდება. როცა ბავშვის მოვლის ტვირთს ორივე მშობელი თანაბრად ინაწილებს, საბოლოო ჯამში ორივე მოგებული რჩება. სხვათა შორის, მამას შეუძლია, გაცილებით ენერგიულად ეთამაშოს პაწაწინას, უფრო მეტხანს ატაროს ხელით, ვიდრე ახალნამშობიარევ დედას. გარდა ამისა, რაც უფრო მეტი ხალხი ზრუნავს ახალშობილზე, მით უფრო კომფორტულად გრძნობს ის თავს.
 დედა ბავშვთან კონტაქტს ორსულობის პერიოდშივე ამყარებს, მამის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა. ამიტომ არის, რომ ყველა ახალბედა მამა ეჭვობს საკუთარი შესაძლებლობების გამო. ზოგს მიაჩნია, რომ თუ მამა პატარას ბოთლით გამოკვებავს, მათი სიყვარული უფრო მტკიცე იქნება. როცა ბავშვი ძუძუს წოვს, მსგავსი "ჩანაცვლება" დაუშვებელია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ კვება დედის ფუნქციაა, მამას კი შეუძლია, კვების შემდეგ პატარა ხელით ატაროს და მზრუნველობა ასე გამოხატოს. სხვათა შორის, მამას ჩვილის ბანაობაც შეიძლება მივანდოთ.
ყველა დედა წინასწარ უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ დადგება დღე, როცა მამა-შვილი მის ჩაურევლად გამონახავს საერთო ენას. ამ ეტაპზე დედის მხრიდან ურთიერთობების რეგულირება აღარ არის საჭირო, თორემ მამა ვერასოდეს ისწავლის შვილთან დამოუკიდებელ ურთიერთობას. ყველა დედამ უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვისთვის მამა სულაც არ არის მთავარი დედის შემდეგ. პატარა ორივე მშობელს თანაბრად მნიშვნელოვნად აღიქვამს და ასეც უნდა იყოს, ამიტომ დედა არ უნდა აღელდეს, როცა მამა-შვილი კონტაქტს ამყარებს. ურთიერთობის სურვილი ნამდვილად დააძლევინებს მამას პაწაწინა არსებისადმი შიშსა და ორჭოფობას.ზოგიერთ პატარას გარკვეულ პერიოდში არც კი აქვს მამასთან ურთიერთობის სურვილი. ნუ ღელავთ, აუცილებლად დადგება დრო, როცა პატარა მამას მუხლებზე ააცოცდება. ერთი სიტყვით, შვილზე ზრუნვა აუცილებელი პირობაა მამობრივი ინსტინქტის გასაღვიძებლად. ცოტა ხნის შემდეგ მამა-შვილს ისეთი ურთიერთობა ექნება, რომ სისულელედ მოგეჩვენებათ აზრი, თითქოს პატარა ბავშვზე ზრუნვა კაცების საქმე არ არის.
   კონტაქტი შვილებსა და მშობლებს შორის პირველივე საათებში მყარდება, ამიტომ მამას, რომელიც მშობიარობას ესწრებოდა, ბავშვთან ურთიერთობა უფრო მეტად უადვილდება. პირველ კვირებში მამის მზრუნველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მარტო ბავშვისთვის, არამედ დედისთვისაც.ასე რომ ბავშვის ცხოვრებაში ეს ორი ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანია.მშობლები უმეტეს შემთხვევაში ბავშვისთვის მისაბაძი და სამაგალითო ხდება,დედა ნახე მამა ნახე შვილი ისე გამონახე.
ბებია-ბაბუა:ჩვენი საზოგადოება თანდათან იღებს შვილიშვილებსა და მოზრდილ შვილებთან ურთიერთობის დასავლურ მოდელს. უფროსები მეტ დროს უთმობენ პირად ცხოვრებას და აღარ ცდილობენ, აქტიურად ჩაერიონ მოზარდი თაობის ფორმირებაში. ერთი მხრივ, ეს მშვენიერია, მეორე მხრივ კი შვილიშვილებსაც და ბებია-ბაბუებსაც ერთმანეთი ნამდვილად სჭირდებათ. გერონტოფსიქოლოგებს ანუ ხანში შესულთა ფსიქოლოგიის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მათი  ურთიერთობა თაობათა უწყვეტ კავშირს ქმნის. პატარებთან ურთიერთობით ხანში შესულ ადამიანს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარების საშუალება ეძლევა. პატარა ბავშვები კი ძალზე მადლიერი მსმენელები არიან, რაც უფროს თაობას საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, შვილიშვილების დაბადება ერთგვარად ამაღლებს სოციალურ სტატუსს, ახანგრძლივებს ცხოვრებისეულ პერსპექტივას, ქმნის ახალ ძლიერ ცხოვრებისეულ დომინანტს, გვიხსნის მარტოობისა და უსარგებლობის დამთრგუნველი გრძნობისაგან. თუმცა... ბებიები ერთმანეთს არ ჰგვანან. აქტიური ბებია, რომელსაც მტკიცე წარმოდგენა აქვს იმის თაობაზე, როგორ უნდა გაიზარდოს ბავშვი, ახალგაზრდა მშობლებისთვის ნამდვილი სასჯელია. უფროსი ასაკის ადამიანებს უჭირთ გააცნობიერონ, რომ ცდებიან, არ სურთ, შეიცვალონ შეხედულებები. გარდა ამისა, ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო ხანში შესულებსა და მოხუცებს უჭირთ თავიანთი საქციელის აღქმა, ემოციების კონტროლი. აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი უფროსების ქცევის ამ თავისებურებებს. არიან ისეთი ბებიებიც, რომლებიც პატარას ინფანტილურ არსებად აქცევენ. მათგან ხშირად გაიგონებთ ფრაზას: "მოდი, მე გაგიკეთებ!", "არ მინდა კანფეტი, შენი იყოს"; "მოდი, დედას არ ვუთხრათ..." თუმცა, მეორე მხრივ, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მსგავსი ყურადღება ერთადერთი ნათელი წერტილია ბავშვისათვის, რომელსაც მშობლები მეტისმეტად მკაცრად ზრდიან. პირველ შემთხვევაში აუცილებელია, ბებიის გავლენა შევზღუდოთ, ხოლო მეორე ვარიანტის დროს პატარას არ უნდა დავუნგრიოთ ის ერთადერთი ნავსაყუდელი, სადაც მას იღებენ ისეთს, როგორიც არის. ძალიან ხშირად აქტიური ბებიები და ახალგაზრდა მშობლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, რის გამოც ხანში შესული ადამიანი კიდევ უფრო მწვავედ გრძნობს "ბუდიდან გაუფრენელი" შვილების კონტროლის აუცილებლობას. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა პატარას დაბადებისას ბებია საკმაოდ ახალგაზრდაა. ის სიამოვნებით იტოვებს ჩვილ ბავშვსაც კი, აჭმევს, უვლის, ართობს, ასწავლის... ასეთი ბებიები ზაფხულსაც შვილიშვილების გვერდით ატარებენ. მსგავსი ბებიები იშვიათობაა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მათ "თავგანწირვასაც" აქვს მინუსები. ადრე თუ გვიან მაინც იწყება დედის ამბოხება - ის ცდილობს, აღადგინოს ოჯახში დაკარგული პოზიცია, საბოლოოდ კი ვიღებთ ისეთივე, ზოგჯერ კი იმაზე უარეს შედეგს, როგორსაც აქტიური ბებიის შემთხვევაში. კლასიკური "ბებიას ბიჭები" და "ბებიას გოგოები" ის პატარები არიან, რომელთა აღზრდასაც დაბადებისთანავე ბებიები და ბაბუები უძღვებიან. ფსიქოლოგების აზრით, ასეთი ბავშვები განსხვავდებიან იმ პატარებისგან, რომელთაც დედა ზრდის. მათთვის დამახასითებელია სოციალური დაუცველობა, დამოუკიდებლობის უქონლობა, კოლექტივთან ცუდი ადაპტაცია. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ასეთი ბავშვები პატარაობიდანვე ეჩვევიან მხოლოდ კეთილგანწყობილ პარტნიორთან ურთიერთობას. გარდა ამ აშკარა მინუსებისა, ვერ უარვყოფთ მსგავსი აღზრდის დადებით მხარეებსაც. როგორც წესი, "ბებიას" ბიჭები და გოგონები კარგად სწავლობენ, უკეთესად არიან განვითარებულნი. რა შეიძლება ვურჩიოთ იმ ბებიებს, რომლებიც შვილიშვილებს თითქმის მშობლების მონაწილეობის გარეშე ზრდიან? უფრო ხშირად მისცენ ბავშვს სხვა პატარებთან ურთიერთობის საშუალება, კონფლიქტური სტუაციების დამოუკიდებლად გადაჭრის შესაძლებლობა, თანატოლებთან ურთიერთობის გარკვევის შანსი. მიეცით პატარას უფლება, ზომიერად იცელქოს და თავადაც მიიღეთ მონაწილეობა თამაშში. არიან ბებიები, რომლებიც გადაჭრით ამბობენ უარს, იზრუნონ შვილიშვილზე. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ სირთულეებს გაურბის, ზოგიერთისთვის კი მსგავსი პოზიცია ერთგვარი დეზადაპტაციის ნიშანია: მას უჭირს შეგუება ახალ სოციალურ სტატუსთან, იმ ცხოვრებისეულ პოზიციასთან, რომელიც მისგან უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ყველაფერს სჯობია, ახალგაზრდა მშობელი გახდეს ერთგვარი შუამავალი ასეთ ბებიასა და შვილიშვილს შორის, არ დაატანოს ძალა უფროსს, არ შეზღუდოს შვილიშვილთან მათი ურთიერთობა.
და-ძმის ფაქტორი:დედის მეორე ორსულობა ძალიან ცვლის პირველი შვილის ცხოვრებას. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, დის ან ძმის ფაქტორიც არის. ოჯახში მშობლების ყურადღების კიდევ ერთი ობიექტის გაჩენა ბავშვისთვის განცდის, მღელვარების, ზოგჯერ კი ძლიერი სტრესის მიზეზადაც იქცევა მშობლები კი ყოველთვის ვერ ახერხებენ ეჭვიანობის თავიდან აცილებას, მაგრამ მათ შეუძლიათ, იგი მინიმუმამდე დაიყვანონ. ამისთვის საჭიროა, უფროსი ბავშვი წინასწარ მოვამზადოთ ოჯახის ახალ წევრთან შესახვედრად, რათა ის ჩვენთან ერთად ელოდოს მას. როგორ გაუმკლავდება პატარა ნეგატიურ განცდებს, ეს დამოკიდებულია ოჯახში არსებულ ატმოსფეროზე, მშობლების "აღმზრდელობით ხაზზე", იმაზე, შეძლებენ თუ ვერა ისინი, სათანადო ყურადღება დაუთმონ ორივე შვილს. მეორე ბავშვის დაბადებას ყველაზე მეტად პირველი შვილი განიცდის, რადგან ის მიჩვეული იყო საყოველთაო ყურადღებას და უფროსების განსაკუთრებული სიყვარულით იყო გარემოცული, ახლა კი მის ცხოვრებაში ძირეული ცვლილებები ხდება: ის შეიძლება ცალკე ოთახში გადაიყვანონ, საბავშვო ბაღში შეიყვანონ... სასურველია, ეს ცვლილებები ბავშვმა ოჯახის ახალ წევრს არ დაუკავშიროს, ამიტომ ეს მანამდე უნდა მოხდეს, სანამ ბავშვი ახალ ამბავს შეიტყობს, უმჯობესია, მეორე შვილის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე. დედის სამშობიაროში ყოფნისას კი განსაკუთრებულად უნდა მოუაროთ, სათუთად მოეპყროთ. როგორ შევატყობინოთ უფროსს, რომ ოჯახში კიდევ ერთი ბავშვი გაჩნდება? უბრალოდ, ვუთხრათ: "საყვარელო, მალე დაიკო ან ძამიკო გეყოლება". სურს თუ არა ეს, ნუ ჰკითხავთ - თუ არ სურს, მაინც ვერაფერს შეცვლით. ბავშვთა ფსიქოლოგების უმრავლესობა შესაძლებლად მიიჩნევს, ბავშვმა წინასწარ იცოდეს, რომ მისი დედის სხეულში ცოცხალი არსება იზრდება. მას უნდა შეახსენოთ, რომ ისიც იყო ჩვილი, მანაც დიდი სიხარული მოგიტანათ, როცა დაიბადა. აჩვენეთ თავისი ჩვილობის დროინდელი ფოტოსურათები, უამბეთ, რომ ისიც ასეთი პატარა იყო და მერე გაიზარდა. დიდი მნიშვნელობა აქვს უფროსი ბავშვისთვის "უფროსობის" შეგრძნებას. დროდადრო შეახსენეთ, რომ ჩვილი ძალიან უსუსურია და თქვენ მისი დახმარება დაგჭირდებათ. დაიხმარეთ პატარა დაიკოს ან ძამიკოს მოვლაში, ისიც სიხარულით გააკეთებს ამას: თქვენთან ერთად აჭმევს, აბანავებს ან ჩააცმევს, სათამაშოებით გაართობს. წაიყოლეთ მაღაზიებში მომავალი დაიკოსა თუ ძამიკოსთვის ნივთების საყიდლად. ის ხალისით დაგეხმარებათ საბავშვო ეტლის ან საწოლის შერჩევაში.  სამშობიაროში წასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე აუხსენით უფროს შვილს, სად და რატომ მიდიხართ, როდის დაბრუნდებით, უთხარით, ვინ დარჩება მასთან.  მოსთხოვეთ სტუმრებსაც და ნათესავებსაც, ორივე ბავშვს ერთნაირი ყურადღებით მოეპყრონ. საჩუქრები შეიძინეთ არა მხოლოდ ახალშობილისთვის, არამედ უფროსისთვისაც. მოიკრიბეთ მოთმინება და თავი შეიკავეთ მაშინაც კი, როცა ბავშვი ძალიან გამომწვევად იქცევა, ჭირვეულობს და დიდ ყურადღებას ითხოვს. გახსოვდეთ, ეს ქცევა არაადეკვატურია; ის ვითარების შეცვლას თქვენზე ნაკლებად არ განიცდის. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ "მხოლოდ მას", თუნდაც 5 წუთი ძილის წინ, მთავარია, იგრძნოს, რომ ამ დროს თქვენ მხოლოდ მას ეკუთვნით. შეინარჩუნეთ რიტუალები, რომლებიც არსებობდა მეორე ბავშვის დაბადებამდე. თქვენი ძალისხმევა ამაოდ არ ჩაივლის, მალე აღმოაჩენთ, რომ თქვენს გვერდით თანამოაზრეა და არა აბეზარი ეჭვიანი. მთავარია, ხაზი გაუსვათ, რომ ოჯახი ერთიანია, ოჯახის ყველა წევრს თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უფროსი ძველებურად იგრძნობს, რომ ისევ გიყვართ და კმაყოფილი იქნება მშობლიური ამაგისა და სიყვარულის კუთვნილი წილით.
 ძიძა.დედაზე უკეთ ბავშვს ვერავინ მოუვლის,მაგრამ ხანდახან იქმნება ისეთი ვითარება როდესაც ოჯახი დგება ბავშვისთვის ძიძის აყვანის აუცილებლობის წინაშე.უპირველეს ყოვლისა ,უნდა აღინიშნოს ის რომ,დაბადებიდან სამი თვის ასაკამდე სასურველია,ჩვილთან იყოს დედა,რადგან სწორედ ამ ასაკში ისახება დედასა და შვილს შორის ურღვევი ემოციური კავშირი და თუ დაბადებისთანვე მასთან სხვა ადამიანი აღმოჩნდება,ეს ახლო კავშირი სწორედ მასთან დამყარდება.ბავსვის ასაკის შესაბამისად იცვლება მოთხოვნები ბავშვის მომვლელთან დაკავშირებით.არსებობს აღმზრდელის რამდენიმე კატეგორია,მათ შორის:ძიძა-ძუძომწოვარი ბავშვის მოსავლელად,ძიძა-გუვერნანტი,რომელიც მოვლისა და აღზრდის გარდა,ბავშვს ავითარებს გონებრივად და ამზადებს მას სკოლისთვის,და ბოლოს-შინამოსამსახურე,რომელიც აკეთებს ყველა საშინაო საქმესდა ათავისუფლებს დედას იმისთვის, რომ მას დრო დარჩეს ბავშვის აღზრდა-განვითარებისა და სწავლისათვის.ძიძა არ უნდა იყოს ძალიან ახალგაზრდა .იდეალური ასაკია 30-50 წელ,უკეთესია თუ მას ეყოლება საკუთარი შვილები და ექნება მათი აღზრდა-განვითარების გამოცდილება,ძიძა უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი,აქტიური და სიცოცხლით სავსე ადამიანი,თორემ სხვაგარად როგორ აჰყვება მოძრავი თამაშების დროს,როდესაც საჭიროა სირბილი და ცოცვა-ხტუნვაც კი?!
ძიძა იღებს უშუალო,აქტიურ მონაწილეობას ბავშვის ღზრდის პროცესში.მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ოჯახის წევრი და დედის შემცვლელი.

No comments:

Post a Comment