სწავლა


საბავშო ბაღი:საბავშვო ბაღში ბავშვს გარკვეულ რეჟიმთან შეგუება მოუწევს. როგორი უნდა იყოს ეს რეჟიმი - რბილი თუ მკაცრი? მზად არის თუ არა ბავშვი მასთან შესაგუებლად? - ეს კითხვები თითქმის ყველა ოჯახში ჩნდება. მათ თან ახლავს ცხარე კამათი. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ბავშვი თავიდანვე იქცევა მშობლების, ბებიებისა თუ მასწავლებლების ურთიერთსაწინააღმდეგო პედაგოგიური ექსპერიმენტების ობიექტად. დავიწყოთ იმით, რომ ბავშვისათვის საჭიროა მისი ასაკისათვის შესატყვისი სოციალური გარემო, თანატოლთა საზოგადოება, რათა მათთან ურთიერთობის ჩვევები ჩამოუყალიბდეს.თუმცა ბაღში მიყვანამდე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის მზად არის ამისათვის, თორემ სანამ ახალ გარემოს შეეგუება, ბავშვსაც და მშობელსაც არაერთი უსიამოვნო წუთის გადატანა მოუწევთ. ბავშვებს, რომლებიც შინ მხოლოდ უფროსების გარემოცვაში იზრდებიან, ერთხანს უძნელდებათ თანატოლებთან ურთიერთობა. ისინი პირველად ხვდებიან ბევრ ბავშვთან ერთად დედისა და ბებიის გარეშე, ამიტომ არც ისე დიდი ხალისით ერთვებიან სხვებთან თამაშში, გაურბიან აღმზრდელს, ან მარტო თამაშობენ, ან პროტესტის ნიშნად ხმაურობენ, ან ტირიან. კიდევ უფრო რთულია ისეთი ბავშვის შეგუება საბავშვო ბაღთან, რომელიც ბუნებით არაკომუნიკაბელურია. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი აღმზრდელი შეხვდება მას. გამოცდილმა აღმზრდელმა იცის, როგორ დაეხმაროს ასეთ ბავშვს. საბავშვო ბაღის ყოველი დღე რეგლამენტირებულია. ემორჩილება გარკვეულ რეჟიმს. ეს რეჟიმი მოფიქრებულია იმგვარად, რომ მოხერხებული იყოს ბავშვებისთვის და არა მოზრდილებისთვის. რეჟიმი შემთხვევით არ არის შერჩეული - იგი ეფუძნება ექიმების, ფსიქოლოგების, ჰიგიენის სპეციალისტებისა და ფიზიოლოგების მრავალრიცხოვან დაკვირვებასა და დასკვნას. ბავშვთა ყოველ ასაკობრივ ჯგუფს უნდა შეესაბამებოდეს აღზრდის ოპტიმალური სისტემა, არა მკაცრი, არა თავისუფალი, არამედ სწორედ ოპტიმალური. რეჟიმი - ეს არის ბავშვის საკეთილდღეოდ შექმნილი სისტემა, რადგან ის ითვალისწინებს ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილებათა პერიოდულ ცვლას, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პერიოდულობა ძალზე მერყევია. ამას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს. თუ, მაგალითად, ბავშვი რატომღაც ვერ იძინებს დაწესებულ დროს, ან უარს ამბობს ჭამაზე, უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზი უნდა დავადგინოთ: იქნებ ავად არის, გადაღლილი ან ძლიერ აღგზნებულია? როცა მიზეზი თვალნათლივ არ ჩანს, აუცილებელია, ბავშვს ანგარიში გავუწიოთ. დაუშვებელია ძალდატანება - ის ძალით არ უნდა ჩავაგდოთ საწოლში და არ უნდა ვუბრძანოთ, გინდა თუ არა დაიძინეო, არ უნდა ვაიძულოთ, ბოლომდე შეჭამოს თავისი ულუფა. ეს გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციას თვით ძილისა და კვების პროცესების მიმართ. დაუსრულებელი შენიშვნები, შეგონებები ბავშვს საკუთარი არასრულფასოვნების განცდას უნერგავს და მას, როგორც თავდაცვითი რეაქცია, უყალიბდება ავადმყოფური თავმოყვარეობა, თუმცა შინაგანად დაჩაგრული და დაბეჩავებულია, უჭირს დამოუკიდებლად მოქმედება. დროთა განმავლობაში ასეთი ბავშვი შეიძლება მართლაც გახდეს სოციალურად არასრულფასოვანი - უინიციატივო, ინფანტილური, ეგოისტური. ჯერ საბავშვო ბაღში, შემდეგ სკოლაში იქნება მორცხვი, გაუბედავი, გაუძნელდება თანატოლებთან ურთიერთობა, ხშირად მოექცევა იზოლაციაში. ბუნებრივია, არც ის იქნება სწორი, ბავშვი სრულ თავისუფლებაში, ყოველგვარი რეჟიმისა და საბავშვო ბაღის გარეშე გავზარდოთ და არაფერი მოვთხოვოთ, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები უნდა იყოს აზრიანი, გულისხმიერი, შეესატყვისებოდეს ბავშვის ასაკს, შესაძლებლობებსა და მისწრაფებებს. ყოველივე ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ როგორც მშობლებმა, ასევე აღმზრდელებმაც. საბავშვო ბაღის აღმზრდელს მოეთხოვება უდიდესი ტაქტი და ფაქიზი მოპყრობა ბავშვისა და მისი ფსიქიკისადმი, რადგან მცირე უტაქტობამაც კი შეიძლება მძიმე დაღი დააჩნიოს ბავშვის სულს და მასში შიშისა და ზიზღის გრძნობა გააჩინოს საბავშვო ბაღისა და საერთოდ პედაგოგების მიმართ.
 სკოლა ყველა ბავშვის ცხოვრებაში დგება მნიშვნელოვანი მომენტი: ის თამაშიდან სწავლაზე უნდა გადავიდეს, ფეხი შედგას ახალ, შეუცნობელ სამყაროში, რომელიც უამრავ სიახლეს ჰპირდება. პირველ კლასთან ადაპტაციის პროცესის სწორად წარმართვა ძალზე მნიშვნელოვანია. მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანაში.ადაპტაციის პროცესი 2-6 თვემდე გრძელდება და ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. პირველ 2-3 კვირას მწვავე ადაპტაციის პერიოდს უწოდებენ. ეს ყველაზე მძიმე დროა პატარა მოსწავლისთვის. ახალ ზემოქმედებებს ბავშვის ორგანიზმი მნიშვნელოვანი დაძაბულობით პასუხობს, რის გამოც პირველსავე თვეს ბევრი პირველკლასელი ავად ხდება. მომდევნო ეტაპია არამდგრადი, მერყევი შეგუება. ბავშვის ორგანიზმი ეძებს ახალ პირობებზე რეაქციის მისაღებ ვარიანტებს. ამის შემდეგ დგება შედარებით მყარი შეგუების პერიოდი - დატვირთვებს ორგანიზმი ნაკლები დაძაბულობით პასუხობს.
ადაპტაციის სიმპტომები
ეს სიმპტომები სხვადასხვაგვარია. მრავალ პირველკლასელს აწუხებს თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება. ექიმები აღნიშნავენ არტერიული წნევის დაწევას ან მომატებას, გულისცემის გახშირებას, ხოლო ზოგიერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ პირველი სემესტრის დასასრულს ბავშვების 60%-მა წონა დაიკლო. ცვლილებები შეინიშნება ბავშვების ქცევაშიც: უმიზეზო ცრემლები, ჭირვეულობა, ისტერიკა, გახშირებული "მინდა-არ მინდა", "გავაკეთებ-არ გავაკეთებ"... გროვდება უამრავი ემოცია... ხშირად პირველკლასელს სკოლაში იდეალურად უჭირავს თავი, სამი-ოთხი საათის განმავლობაში უძლებს დატვირთვას, სახლში კი დუნდება და ყველა დათრგუნულ, ჩახშობილ ემოციას გარეთ გამოსვლის საშუალებას აძლევს. სასწავლო წლის დასაწყისში ბავშვის არაადეკვატური მდგომარეობა არც ჭირვეულობაა და არც მშობლების აბუჩად აგდება; ეს რაღაც ავადმყოფობის მსგავსია. ეცადეთ, მოთმინებით, გაგებით მოეკიდოთ პატარას, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგას.სკოლა აუცილებელი ბავშვის სწავლისა და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში,ამიტომ არის აუცილებელი რომ ბავშვს უყვარდეს სკოლა და სწავლა,რათა მას მომავალში არ ჰქონდეს არასრულფასოვნების განცდა.

No comments:

Post a Comment