სხვადასხვა


ფული,ფული ადამიანს მხოლოდ გადარჩენისთვის როდი სჭირდება; იგი ძველთაგანვე იყო სხვა ფასეულობების - დამოუკიდებლობისა და მყარი სოციალური მდგომარეობის - ეკვივალენტიც. მატერიალურად დამოუკიდებელ ადამიანს შეუძლია, თავს უფრო მეტის უფლება მისცეს, მეტი კეთილი ან, პირიქით, უმსგავსო საქმე ჩაიდინოს. ალბათ ამიტომ არსებობს ფულის შესახებ მრავალი ცრურწმენა თუ ლეგენდა, რომლებიც შიშსა თუ მოწიწებას ბადებს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ფულთან დაკავშირებულ კომპლექსებს სწორედ ბავშვობაში ეყრება საფუძველი. ბავშვს, რომელიც დროულად ვერ ისწავლის ფულთან ურთიერთობას, პრობლემები მომავალშიც ექნება.საკუთარი ფულის ქონის სურვილი მოზარდს გარდატეხის ასაკისთვის უჩნდება. თუ მას მანამდე არ ჰქონია საკუთარი ფული, პრობლემები გარდაუვალია. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ, რომ ბავშვს ფული ორი წლიდან უნდა გავაცნოთ. ამ ასაკში მას შეიძლება მივცეთ ფულისგამოსახულებიანი ქაღალდები. დაახლოებით სამი წლიდან შეიძლება მაღაზიაშიც წავიყვანოთ, ყიდვის პროცესი ვაჩვენოთ და მასში აქტიურად ჩავრთოთ - გადაიხადოს პატარამ სალაროში ფული, იყიდოს პური. ეს მას დამოუკიდებლობის განცდასაც გაუჩენს.5-6 წლისთვის დამოუკიდებლობის მოთხოვნილება უფრო დიდია. ამ დროს ფულს ნამდვილად შეუძლია დადებითი როლის შესრულება. ბავშვს შეიძლება მცირე თანხა მივცეთ და ნება დავრთოთ, სურვილისამებრ დახარჯოს; შეიძლება ჩავრთოთ მომავალი შენაძენის დაგეგმვაში, ოჯახის ბიუჯეტის განხილვაში.სკოლაში მისვლისას პატარა სხვა ბავშვების გარემოცვაში ხვდება. იწყება შედარება - ვის აქვს უკეთესი ჩანთა, ფლომასტერები, ფეხსაცმელი? სწორედ დროა, პატარა მოქალაქეს ავუხსნათ, რომ ადამიანებს განსხვავებული მატერიალური შესაძლებლობები აქვთ; ავუხსნათ, როგორ გამოიმუშავებენ თავიანთ ხელფასს დედა და მამა, ვუთხრათ, რომ არსებობენ მდიდრები და ღარიბები. რასაკვირველია, ეს უნდა მოხდეს უდიდესი ტაქტით და ბავშვისათვის მისაღები ფორმით. სკოლის პერიოდშივე ჩნდება პატარას პირადი ხარჯისა და მისი რაციონალური განაწილების აუცილებლობა. ურიგო არ იქნება, თუ ბავშვთან ერთად დაიანგარიშებთ წიგნების, რვეულების, ფლომასტერებისა თუ საღებავების შესაძენ თანხას და პერიოდულად აღნიშნავთ, რომ ამ კვირაში მეტ ფულს სასკოლო ნივთებისთვის ვერ დახარჯავთ. პატარამ უნდა გაიგოს, რომ ოჯახის მატერიალური შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის, მაგრამ ეს უნდა მოხდეს წუწუნისა და მოთქმის გარეშე. მოსწავლისთვის აუცილებელია ჯიბის ფულიც, მაგრამ ის ცოტა უნდა იყოს, ბავშვს კი შეეძლოს მისი განაწილება, ზოგჯერ - დაზოგვაც კი. თუმცა უსაზღვრო მომჭირნეობა ისევე ცუდია, როგორც ფლანგვა.
ტანსაცმელი:რით განისაზღვრება საბავშვო ტანსაცმლის ხარისხი? ტანსაცმლის ხარისხზე შეიძლება სამი ფაქტორის მიხედვით ვიმსჯელოთ - ნაჭრისა და ფურნიტურის ხარისხით და შეკერვის კულტურით. არჩევანისას სწორედ ამ სამ მაჩვენებელს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნაჭრის (მასალის) ხარისხი იმის გარანტიაა, რომ რამდენიმე გარეცხვის შემდეგ ტანსაცმელი არ დაკარგავს იერს, ნახატი არ გაუფერულდება და სილუეტი არ შეიცვლება.ეს ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ტანსაცმელს ეხება. სინთეზური მასალის სამოსს ასეთი საფრთხე არ ემუქრება. კერვის კულტურის შეფასება კი ყველას შეუძლია - საკმარისია ნახოთ, თანაბარია თუ არა ნაკერები, როგორ არის დამუშავებული კიდეები, საყელო, ჯიბეები, ძაფები ხომ არ არის ამოწეული და სხვა. აუცილებლად უნდა შეამოწმოთ საკეტები და ღილები. ხდება ისე,  რომ ტანსაცმელი პირველი გარეცხვისთანავე კარგავს იერს. რეცხვა უმეტესად საფრთხეს უქმნის ფაფუკ ან, პირიქით,  ელასტიკურ ბუნებრივ ტრიკოტაჟს, რომელსაც მინიმალური რაოდენობით ემატება სინთეზური ბოჭკო. ზომას მხოლოდ ძვირი ბუნებრივი ქსოვილები ინარჩუნებენ.
რა ასაკიდან ვასწავლოთ ბავშვს ტანსაცმლის დამოუკიდებლად ამორჩევა და საერთოდ, საჭიროა თუ არა ეს?  მაგალითად, ორი წლის ბავშვები უკვე გამოთქვამენ სამოსთან დაკავშირებულ პრეტენზიებს. ზოგჯერ უცნაურ არჩევანსაც აკეთებენ - ცდილობენ, იარონ ცალ-ცალი წინდით ან სეზონისთვის შეუფერებლად - გრილად ან თბილად. ეს მაქსიმალური სიმშვიდით უნდა მივიღოთ და თავშეკავებულად ავუხსნათ ბავშვს, რატომ არ შეიძლება ასე ჩაცმა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ახსნაც, რატომ ურჩევთ მას ამა თუ იმ სამოსს. ამით პატარას ნდობასაც მოიპოვებთ, გემოვნებასა და ტანსაცმლის სწორად შერჩევის უნარსაც განუვითარებთ. დიდებს ტანსაცმლის არჩევა იმიტომ უჭირთ, რომ ხშირად იმპულსურად მოქმედებენ, მერე კი ხვდებიან, რომ სულაც აღარ მოსწონთ თავიანთი შენაძენი, ამიტომ უმჯობესია, ბავშვი პატარობიდანვე მივაჩვიოთ სწორ არჩევანს.მოზარდები თავად არჩევენ ტანსაცმელს. როგორ მივცეთ მათ სურვილებს სათანადო მიმართულება მშვიდად და ძალდაუტანებლად? როგორ ავუხსნათ, რომ მათი არჩევანი ზოგჯერ სასაცილო და სულელურია? თუ პატარაობიდანვე მივაჩვევთ სწორად შემოსვას, ბავშვი აღარ ჩაიცვამს უცნაურად. თუმცა ხდება ისეც, რომ ისინი უჩვეულოდ შემოსილ თავიანთ იდეალებს ბაძავენ. ჩვენ კი უნდა ავუხსნათ მათ, რომ მიმბაძველობა გაუმართლებელია. გოგონებსაც ხშირად გავუმეოროთ, რომ ძალიან მოკლე კაბა მხოლოდ კლასიკური აგებულების გოგონებს უხდებათ, კედები კი სულაც არ არის ქალის ატრიბუტი... რა თქმა უნდა, აქაც ზომიერება გვმართებს. არ არის აუცილებელი, ბავშვი მოდიდან გამოსული სამოსით ვატაროთ, მაგრამ მას უსათუოდ უნდა ავუკრძალოთ ჭიპის გამოჩენა. სიმტკიცე გვმართებს ასევე ტანსაცმლის სეზონურობასთან დაკავშირებით. არ უნდა მივცეთ ბავშვს ზამთარში თხელლანჩიანი ფეხსაცმლით სიარულის უფლება. ამ შემთხვევაში მშობლის აზრი საბოლოო და ურყევი უნდა იყოს.
შინაური ცხოველები:დამტკიცებულია, რომ როცა სახლში ცხოველი ჰყავთ, ბავშვის აღზრდა უფრო ადვილია. ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობა პატარას მრავალი მნიშვნელოვანი პრინციპის ათვისებაში ეხმარება, ხელს უწყობს მის ჰარმონიულ განვითარებას. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მონაცემების თანახმად, ბავშვები, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავთ (არ აქვს მნიშვნელობა, ძაღლი იქნება ეს, კატა, კუ თუ თუთიყუში), უფრო სწრაფად და ჰარმონიულად ვითარდებიან, უფრო ხშირად იღიმებიან და იშვიათად ავადმყოფობენ.
ბავშვები სწავლობენ იმ ცოცხალ არსებებზე ზრუნვას, რომელთაც მათი ყურადღება სჭირდებათ, უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და მოთმინება. ასეთი ბავშვები იშვიათად იქცევიან ეგოისტებად. ეს არც არის გასაკვირი - ცოცხალ არსებებზე ზრუნვის ცოცხალი მაგალითი გაცილებით უკეთ მოქმედებს, ვიდრე ნებისმიერი შეგონება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ მშობელზეა დამოკიდებული. არც ის არის იშვიათი, როცა პატარა მშობლებს ძაღლის ან კატის შეძენას სთხოვს და სიტყვას აძლევს, რომ ცხოველს კიდეც გაასეირნებს, კიდეც მოუვლის, მაგრამ შემდეგ დანაპირები ავიწყდება. პატარა ბავშვს მართლაც შეიძლება ვასწავლოთ შინაური ცხოველის მოვლა, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა, ტაქტი და გულმოდგინებაა საჭირო. მიუხედავად ყველაფრისა, რომელი ცხოველიც არ უნდა დაბინავდეს ოჯახში - ჩიტი, ზაზუნა, ძაღლი, კატა თუ კუ, საბოლოო ჯამში ნებისმიერი მათგანი დიდ დახმარებას გაგვიწევს. ამასთან ერთად ვერ უარვყოფთ, რომ მედალს აქვს მეორე მხარეც - ცხოველს სახლში პრობლემებიც მოაქვს. უმთავრესი პრობლემა ის გახლავთ, რომ ჯანმრთელ ბავშვსაც შეიძლება აღმოაჩნდეს ალერგია. ბავშვისთვის ამ თვალსაზრისით თანაბრად საშიშია არა მარტო თავად ცხოველი, არამედ მისი საკვები, დაცვენილი ბეწვი, ქერტლი. ასე რომ, თუ იცით, რომ ბავშვს ალერგია აქვს, ჯობს ცხოველის შეძენისგან თავი შეიკავოთ. ალერგია მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო გართულებაა. ყველა პატარა ბავშვი ყველაფერს პირისკენ მიაქანებს. ალერგიის რისკის შესამცირებლად, დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ბინაში სისუფთავის დაცვა და ყოველდღიური დალაგება სველი წესით, მით უმეტეს, როდესაც ოჯახში ცხოველი ან ფრინველი გვყავს. თუთიყუშის მიკროსკოპულად პატარა ბუმბულიც კი, თუ ბავშვის პირის ღრუში მოხვდა, შესაძლოა დაავადების მიზეზად იქცეს. შინაური ცხოველები და ფრინველები ზოგჯერ მძიმე დაავადებების მატარებლები არიან. თუმცა ზედმეტი მღელვარება არ არის საჭირო. უბრალოდ, წესები უნდა დაიცვათ:

  • არ დაანებოთ ბავშვს, კოცნოს ძაღლი თუ კატა;
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ პატარამ ცხოველებთან თამაშის შემდეგ ხელები დაიბანოს;
  • თუ ბავშვი პატარაა და დაცოცავს, იატაკი სველი წესით უნდა მოიწმინდოს, უმჯობესია, სადეზინფექციო ხსნარით;
  • დროდადრო სათამაშოებიც უნდა დამუშავდეს ასეთი ხსნარით და შემდეგ კარგად გაირეცხოს.
  • რეგულარული დალაგება ყოველგვარ დაავადებას ყველაზე უკეთ აგაცილებთ თავიდან. 
ბავშვისთვის ყველაზე სასურველი ოთხფეხა მეგობარი არის ძაღლი რადგან იგი ფუმფულა, თბილი, საყვარელი არსება, რომელიც მოვლასა და მზრუნველობას მოითხოვს, ბავშვს უვითარებს სიყვარულის უნარს, ხოლო ეგოიზმს ანადგურებს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, სხვა ცხოველიც მოვიყვანოთ, მაგრამ ძაღლი ყველაზე შესაფერისია. აკვარიუმში მოცურავე თევზებთან პატარა ბავშვი კარგა ხანს ვერ დაამყარებს კონტაქტს, მათი მოვლაც გაუჭირდება, ვერც თუთიყუშებს ჩაეხუტება, კატა კი დამოუკიდებელი არსებაა და ბავშვთან ისე ვერასოდეს იმეგობრებს, როგორც ძაღლი.

No comments:

Post a Comment