პრობლემები


მეტყველები შეფერხება: თუ წამოჩიტულ ბავშვს ჯერ კიდევ არ ამოუდგამს ენა ან ლაპარაკობს, მაგრამ სწორად ვერ გამოთქვამს ცალკეულ სიტყვებს, ყურადღებაა საჭირო. ენის ამოდგმას ბევრი რამ უშლის ხელს. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბავშვს ლაპარაკი არ სურს.თუ რაიმე დასჭირდა, ხელით მიუთითებს და მშობელიც დაუყოვნებლივ აწვდის სასურველ ნივთს. ასე რომ, ბავშვს სულაც არ სჭირდება სიტყვები და ფრაზები - მისი ისედაც კარგად ესმით. მეტყველების შეფერხების კიდევ ერთი მიზეზია არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედება მუცლადყოფნის პერიოდში, დაბადებისას ან სიცოცხლის პირველ წელს. ეს ფაქტორებია ტრავმები, დედის მიერ ორსულობისას მიღებული მედიკამენტები, ინფექციები, მეტისმეტად სწრაფი ან, პირიქით, გახანგრძლივებული მშობიარობა, მემკვიდრეობითი დაავადებები. მათი გავლენით ფსიქომოტორული განვითარება შესაძლოა შეფერხდეს. თუ პატარამ თავის დაჭერა, ჯდომა, დგომა, პირველი ბგერების წარმოთქმა, სიარული თანატოლებთან შედარებით გვიან დაიწყო, სავარაუდოდ, მეტყველების განვითარებაც შეფერხებული ექნება. ამ შემთხვევაში აუცილებელია, პატარას ჩაუტარდეს სრული სამედიცინო შემოწმება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, პედიატრი და ბავშვთა ფსიქოლოგი მას შეუდგენენ მკურნალობის პროგრამას, რომელიც ფსიქიკურ და მეტყველების პრობლემებს აღმოფხვრის. ენის ამოდგმას ხშირად აგვიანებენ ბავშვები, რომლებიც ორენოვან ოჯახში იზრდებიან ან ძიძა ჰყავთ სხვა ენაზე მოლაპარაკე, თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ერთდროულად იწყებენ ლაპარაკს რამდენიმე ენაზე.როდის მივმართოთ სპეციალისტს, როდის არის საჭირო მისი ჩარევა, რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რომ სერიოზული პრობლემა არ გამოეპაროთ?
ერთ წლამდე:
  • თუ პატარას აქვს მეტყველების ორგანოთა თანდაყოლილი პათოლოგია - ე.წ. "მგლის ხახა" და "კურდღლის ტუჩი" - გაყოფილი ტუჩი და სასა;
  • დარღვეულია კუნთოვანი ტონუსი - კუნთები დაჭიმული ან, პირიქით, მოდუნებულია.
ერთიდან ორ წლამდე:
  • ბავშვი ვერ წარმოთქვამს ვერც ერთ აზრიან სიტყვას;
  • არ ესმის თქვენი არც ერთი თხოვნა, არ რეაგირებს საკუთარ სახელზე;
  • ცუდად ესმის თქვენი ლაპარაკი, თუ ტუჩების მოძრაობას არ უყურებს;
  • მისი მეტყველება ღმუილს წააგავს;
ორიდან სამ წლამდე:
  • ბავშვი ლაპარაკობს გაურკვეველ, "საკუთარ" ენაზე, რომელიც მშობლებსაც კი არ ესმით;
  • ლაპარაკის დროს აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს, რამდენიმეჯერ იმეორებს ერთსა და იმავე სიტყვას, 
ასეთი შემთხვევების დროს აუცილებელია ლოგოპედის დახმარება.
უძილობა.9-10 თვის ასაკიდან ბავშვის ძილის რეჟიმი მოულოდნელად იცვლება. ამას, რასაკვირველია, ღრმა ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს: ბავშვი უკვე დიდია, აცნობიერებს მომხდარს და ძილი მისთვის ახლობელ ადამიანებთან განშორებად იქცევა, ამიტომ ჩაძინების პროცესი აშფოთებს და აშინებს. ამ ასაკში თითქმის ყველა ბავშვი ცდილობს, ებრძოლოს ძილის სურვილს: საწოლში წრიალებს, ხშირად იცვლის პოზას, იწყებს თითის წოვას, იხდის საბანს, თვალებს ხუჭავს და ახელს... თანდათან მზერა დუნდება, თვალები თავისთავად იხუჭება, მაგრამ ბავშვი ყველანაირად ცდილობს, არ ჩაიძინოს. ზოგჯერ წამოდგება, დედას უხმობს, წყალს ითხოვს და ხანდახან ასე გადის საათზე მეტი. დედა და შვილი ამ დროს ერთად იტანჯებიან. რა თქმა უნდა, ეს ბავშვის ბრალი არ არის. პირველ რიგში საკუთარი შეცდომები უნდა ვეძებოთ. მაგალითად, თუ ბავშვს მეტისმეტად ადრე დააწვენთ, როცა მამა ჯერ კიდევ არ მოსულა სამსახურიდან ან როცა მის უფროს და-ძმებს ჯერ კიდევ ღვიძავთ და მხიარულად თამაშობენ, მით უფრო - თუ უამინდობის გამო ბავშვი მთელი დღე შინ იყო, რასაკვირველია, ჩაძინება გაუჭირდება. მართლაც შეუძლებელია, პატარა ბავშვი, 6 თვიდან მოყოლებული, ყოველდღე 8 ან 9 საათზე იძინებდეს. ასეთი ბავშვები უბრალოდ არ არსებობენ. უკვე 1 წლის ასაკისთვის პატარა უფრო ადვილად ან, პირიქით, უფრო ძნელად იძინებს და ეს განსხვავება დღის განმავლობაში მის აქტიურობაზეა დამოკიდებული.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბავშვის სიმშვიდეს საღამოს საათებში, ისეთ თამაშს, რომ პატარა არ აღიგზნოს და არ დაიძაბოს. ბევრ პატარას ამშვიდებს ძილის წინ ბანაობა. ეს ხელს უწყობს რელაქსაციას. ძილი, განსაკუთრებით - ღამის მეორე ნახევარში, ყოველთვის არ არის ღრმა და მშვიდი. ერთი წლიდან არცთუ იშვიათია ძლიერი ოფლიანობა ძილის დროს. ოფლიანდება თავი, გულმკერდი. ამის მიზეზია სხეულის ზედაპირის ტემპერატურის მომატება, რაც მთელი სხეულის ცენტრალური ტემპერატურის დაქვეითებას – ძილის თანმხლებ მოვლენას - უწყობს ხელს. თუ ბავშვს მეტისმეტად თბილ ოთახში აძინებთ და თან თბილად ახურავთ, რასაკვირველია, პატარას ჩაძინებაც გაუჭირდება და ღამითაც რამდენჯერმე გააღვიძებს წყურვილი. დაახლოებით ერთი წლის ასაკისთვის ყალიბდება ეგრეთ წოდებული `ჩაძინების რიტუალები~. ბავშვმა შეიძლება ჩაძინებისას გულში ჩაიხუტოს საბნის ნაწილი ან სათამაშო, მოიქავოს ცხვირი, დიდხანს ესაუბროს სათამაშოს. დროთა განმავლობაში რიტუალები გართულდება, თუმცა მათი ფუნქცია იგივე იქნება: ღამის შიშის, შფოთვის განდევნა, მარტოობასთან ბრძოლა და ახლობლებთან განშორების გრძნობის დათრგუნვა. სწორედ ეს ერთი შეხედვით უცნაური და უფროსებისთვის გაუგებარი ქმედებები ეხმარება ბავშვებს ჩაძინებაში, მოდუნებაში და მალე დარწმუნდებით, რომ ისინი პატარასთვის აუცილებელია.პრობლემები სწორედ იმ ასაკში იჩენს თავს, როცა იცვლება ძილის რეჟიმი. ამ დროს ბავშვი უკვე ხედავს სიზმრებს. ამ სიზმრებს კოშმარებს ვერ ვუწოდებთ, ისინი, ჩვეულებრივ, ყოველდღიურობასთან არის დაკავშირებული. ზოგჯერ `დამნაშავე~ უშუალოდ ძილის დროს მიღებული შეგრძნებებიცაა. როგორც წესი, სიზმარს ბავშვი ძილის გარკვეულ მონაკვეთში ხედავს. ამ დროს პატარა წრიალებს, გამოსცემს ბგერებს, ამოძრავებს თვალებს, რაც დახურული ქუთუთოების მიღმაც შესამჩნევია. ბავშვისთვის დასაძინებლად დაწოლა იგივეა, რაც ჩვეულ სიტუაციასთან განშორება, მშობლებთან გამოთხოვება, თუნდაც მცირე ხნით, თუმცა ეს მცირე ხანიც საკმარისია, რომ ბავშვმა დაკარგოს სიმშვიდე, გაუძლიერდეს შიში და შფოთვა. ყოველივე ამის და არა უსაქციელობისა თუ უზნეობის გამოხატულებაა დაძინებაზე უარის თქმა. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ბავშვს თავიდანვე ავუხსნათ, რომ არსებობს წესები. ამის დასტურია, რომ არსებობენ პატარები, რომლებიც აცხადებენ: `ახლა 8 საათია, ჩემი ძილის დროა!~ რასაკვირველია, შეიძლება წესიდან გადახვევაც, თუმცა ზომიერად. ხანდახან ისეც ხდება, რომ პატარას შუადღის ძილი უხანგრძლივდება. რასაკვირველია, ასეთ დროს მას ადრე დაძინებას ვერ მოვთხოვთ. სამწუხაროდ, მშობლები ხშირად იჩენენ გაუმართლებელ სიმკაცრეს, როცა პატარა ბავშვებს, რომლებიც არც ბაღში დადიან და არც სკოლაში, ადრე დაძინებას სთხოვენ. პატარებს კი ასე ძალიან სურთ, მონაწილეობა მიიღონ ოჯახის ცხოვრებაში, თავი მის სრულუფლებიან წევრად იგრძნონ... ამ შემთხვევაში ბავშვი დროულად რომ დავაძინოთ, ჯობს შემდეგი ტაქტიკა ავირჩიოთ: გადაწყვიტეთ, რომელ საათზე ჯობს ბავშვის დაძინება და ეს პატარას გააგებინეთ.ზოგიერთ პატარას მოსწონს, როცა ოთახში მქრქალი შუქი ანათებს, ზოგი კი მშობლების საწოლში იძინებს. ბავშვის ასეთი ქცევა განპირობებულია შფოთვით, სიბნელის შიშით, უცნობი ადამიანებით თუ საგნებით გამოწვეული დისკომფორტით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პატარას დასამშვიდებლად, შიშისა და შფოთვის დასათრგუნავად, მაგრამ ამავე დროს დავამკვიდროთ აზრი, რომ ბავშვს თავის საწოლში და თავის ოთახში უნდა ეძინოს. მართალია, გამოუვალ სიტუაციაში ექიმთან შეთანხმებით შეიძლება მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალებები გამოვიყენოთ, მაგრამ მთავარი საშუალება მაინც მშობლების სიმშვიდე, ყურადღება და თანამიმდევრული ქცევაა, რაც პატარას სიმშვიდესა და თავდაჯერებას მატებს და დაძინებაში ეხმარება. მათთვის, ვინც დილაუთენია იღვიძებს და კუთვნილ კაკაოს ითხოვს, არ არსებობს არავითარი რეცეპტი, დილის ძილს რომ გაახანგრძლივებს და მშობლებს მოსვენების საშუალებას მისცემს. გამოსავალი ერთია - მშობლებიც უნდა მიეჩვიონ ადრე ადგომას ან პატარა უფრო გვიან დააძინონ, თუმცა არ არის გამორიცხული, შედეგი არც ამან გამოიღოს. უბრალოდ შეიძლება, ერთ მშვენიერ დილას პატარამ ძილი გააგრძელოს და ადრე ადგომის ჩვევა დაივიწყოს.
სიმსუქნე:წონა და მისი დინამიკა, ბავშვის ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარების ძალიან მგრძნობიარე მაჩვენებელია. ამაზე საუბარი ჩვენში მით უფრო აქტუალურია, რომ ჯანმრთელად ხშირად მხოლოდ ლოყებღაჟღაჟა, ჩაპუტკუნებულ-ჩამრგვალებულ ბავშვებს მიიჩნევენ. ნებისმიერი დედა თუ ბებია ცდილობს, რაც შეიძლება უკეთესად გამოკვებოს თავისი თვალისჩინი.
ზედმეტი კილოგრამები კი ლამის ეპიდემიად იქცეს და მსოფლიო წალეკოს.
სიმსუქნე, როგორც სოციალური პრობლემა, ბრიტანელებს ყოველწლიურად 15 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უჯდებათ, ხოლო ამერიკელებს – 75 მილიარდი დოლარი. ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნის გავრცელების მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდა.
ჭარბი წონა ისეთ საშიშ დაავადებებს უკავშირდება, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ონკოლოგიური პათოლოგიები… სულ ცოტა ხნის წინ ისინი მხოლოდ მოზრდილთა სნეულებებად მიიჩნეოდა, დღეს კი პედიატრიულ პრაქტიკაშიც გამოჩნდა და თანდათან ხშირდება. გარდა ამისა, სიმსუქნე არღვევს სქესობრივი მომწიფების პროცესს – გოგონებში აჩქარებს მას, ხოლო ვაჟებში ანელებს.
სიმსუქნესთან დაკავშირებული რისკებიდან გასაკუთრებით საშიშია შაქრიანი დიაბეტი,მძიმე ქრონიკულ დაავადებები ისეთი საშიში გართულებებით, როგორიც არის თირკმლის დაზიანება მის სრულ უკმარისობამდე, მხედველობის დაკარგვა, ქვედა კიდურების განგრენა, ინფარქტი, ინსულტი…შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ ბავშვთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საერთო პოპულაციასთან შედარებით 20-27 წლით ნაკლებია. ამავე დროს უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფიზიკური აქტივობითა და დიეტით შესაძლებელია მეორე ტიპის დიაბეტის თავიდან აცილება ან გადავადება.
დიეტა ბავშვებისთვის
ბავშვებსა და მოზარდებში ჭარბ წონას დიეტოთერაპიით მკურნალობენ. დიეტა აუცილებლად ბალანსირებული და პროფესიონალის შერჩეული უნდა იყოს. არ შეიძლება მზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელი ინგრედიენტების რაციონიდან გამორიცხვა, თუმცა კარგიიქნება, თუ უარს ვიტყვით რაფინირებულ ნახშირწყლებზე – შაქარზე, საკონდიტრო ნაწარმზე, მურაბებზე... დიეტის ფონზე აუცილებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინების, ზოგ შემთხვევაში – კალციუმის პრეპარატების მიღება. ასევე აუცილებელია სწორად შერჩეული, დოზირებული ფიზიკური აქტივობა, სამკურნალო ფიზკულტურა, წყლის პროცედურები. ძლიერი ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის.საყოველთაო ჭეშმარიტება, რომ მკურნალობას პრევენცია სჯობს, ჭარბ წონასთან მიმართებითაც სწორია. თუ გსურთ, ბავშვის წონა ყველა ასაკში ნორმის ფარგლებში დარჩეს, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ოჯახურ ტრადიციად უნდა იქცეს.
განქორწინება:აზრი, რომ მშობლების განქორწინება არანაირად არ შეეხება ბავშვს, ერთ-ერთი იმ ზღაპართაგანია, რომელსაც მშობლები თავის დასამშვიდებლად იგონებენ. სამწუხაროდ, განქორწინება ბავშვს უშუალოდ ეხება და მშობლების ქცევა ამ სიტუაციაში, მათი ურთიერთობა ერთმანეთსა და შვილთან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ბავშვის დამოკიდებულებას გაყრის მიმართ. ბავშვისთვის მშობლების განქორწინება იმას ნიშნავს, რომ დედას და მამას აღარ შეუძლიათ ერთად ცხოვრება, რომელიმე მათგანი სახლიდან მიდის. სამყარო ორ ნაწილად იხლიჩება და ამ დღიდან თავისი დანგრეული სამყაროს გაცნობიერებას და მის "აღდგენას" ცდილობს.ის მხოლოდ იმის ნაწილია, რასაც მის წარმოდგენაში მარტივი სახელი აქვს: "დედა, მამა და მე". და აი, სწორედ ეს მთლიანობა ირღვევა. ხშირად, აღელვებული მშობლები ჯანსაღი აზროვნების უნარს კარგავენ და ბავშვისგან მოითხოვენ გადაწყვეტილების მიღებას: ვისთან ერთად სურს ცხოვრება - დედასთან თუ მამასთან? რომელი უფრო უყვარს? რომელს ირჩევს? პატარასთვის კი ასეთი გადაწყვეტილების მიღება იგივეა, რაც საკუთარი ორი ხელიდან მარჯვენასთვის ან მარცხენათვის უპირატესობის მინიჭება. კითხვის დასმისას თითოეული მშობელი დარწმუნებულია, რომ პატარა სწორედ მას აირჩევს და არ უფიქრდება, თუ რა ხდება ბავშვის სულში, როდესაც იმ ფაქტის წინაშე აყენებს, რომ მამა (ან დედა) მასთან აღარ იცხოვრებს. არ დაფიქრებულხართ, რომ პატარა თავს მიტოვებულად და დამნაშავედაც კი იგრძნობს. მამა (თუ დედა) ხომ იმიტომ მიდის, რომ მან ასეთი არჩევანი გააკეთა. ე. ი. ის ცუდი ბავშვია!
განქორწინებისას, საკუთარი პრობლემებით დაკავებული მშობლების ბავშვის მიმართ დაუფიქრებელმა და უყურადღებო დამოკიდებულებამ, შესაძლოა, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. რა თქმა უნდა, ეს ბავშვის ხასიათზეც არის დამოკიდებული. თუმცა, მისი ნებისმიერი რეაქცია იმით იქნება განპირობებული, რომ ბავშვს ბიოლოგიურად და ქიმიურად არ შეუძლია თავსმოხვეული ინფორმაციის გადამუშავება. ამ დროს ის ფიქრობს, რომ ერთადერთი ბავშვია მთელ სამყაროში, რომელსაც თავს დაატყდა ამგვარი უბედურება, და ეს მას უფრო მეტად აფრთხობს მაგრამ ის მაინც იმედოვნებს, რომ მის გამო მშობლები კვლავ გაერთიანდებიან. როცა ამის მიუხედავად, მამა მაინც მიდის სახლიდან, ბავშვი ასეთ დასკვნას აკეთებს: ესე იგი, მას არ უყვარს ის. ამიტომ აუცილებელია, აუხსნათ ბავშვს, რომ თქვენ ის ძველებურად გიყვართ. უმჯობესია, მას თავიდანვე უთხრათ, რომ მშობლები ერთად აღარ იცხოვრებენ. ამასთან, უნდა გავაგებინოთ, რომ დედას და მამას ის ძველებურად უყვართ და მამა მასთან იმდენსავე დროს გაატარებს, რამდენსაც დაშორებამდე ატარებდა.ხშირად ისეც ხდება, რომ მამები, რომლებიც ახალ, თავისუფალ ცხოვრებას ეზიარებიან, შთამომავლობას ივიწყებენ. ამ შემთხვევაში, ბავშვის ფსიქიკაზე ზრუნვის მთელი ტვირთი დედის მხრებს აწვება. ზოგიერთი მათგანი "გმირი მამის" შესახებ ზღაპრის შეთხზვას
ცდილობს, სხვები კი, სრულიად არ უფრთხილდებიან ბავშვის ფსიქიკას და ყველანაირ სიბინძურეს ლაპარაკობენ მისი თანდასწრებით ყოფილ ქმარზე. როგორია მამა, ამას ბავშვი თვითონ მიხვდება, როცა გაიზრდება. საჭირო არ არის ზღაპრების მოგონება, და არც ბავშვის თანდასწრებით მამის ლანძღვა. შეეცადეთ, აუხსნათ მას, რომ მამას ძველებურად უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ვერ თამაშობს, ვერ სეირნობს და სტუმრადაც ვერ მოდის.სინამდვილეს არ შეეფერება მოსაზრება, რომ პატარებს არაფერი ესმით, ყველაფერი მალე ავიწყდებათ და ამიტომ, მშობლების განქორწინება მათ ბავშვურ ფსიქიკაზე კვალს არ ტოვებს.

შიში ისეთივე ბუნებრივი და ჩვენი ცხოვრებისგან განუყოფელი ემოციური განცდაა, როგორებიც არის სიხარული, აღფრთოვანება, გაოცება თუ დარდი.ბავშვი იზრდება, ვითარდება, ემოციურად რეაგირებს მოზრდილი ადამიანის დანახვაზე, სწავლობს თავის დაჭერას, გადატრიალებას, ჯდომას, ცოცვას, თანდათან სცილდება დედას. 8-10 თვის ასაკში ბავშვი არჩევს თავისიანებსა და უცხოებს, მას უჩნდება უცნობი ადამიანის შიში. ის ყველას აღარ აძლევს უფლებას, ხელში აიყვანოს. ერთი წლის ბავშვის მარტო დატოვება საკმაოდ რთულია. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ის უკვე დიდია და დადის, აქტიურად იკვლევს სამყაროს, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ეშინია. 1,5-2 წლის ასაკში მას უკვე შეუძლია რამდენიმე ხანს უფროსების გარეშე ყოფნა, დამოუკიდებლად თამაში, თუმცა ახალ უნარებთან ერთად ახალი შიშიც ჩნდება: ბავშვს ეშინია ბინაში არსებული ხმების, ექიმის, თუ ის ნემსებთან ასოცირდება. 3-4 წლის ბავშვს ეშინია ზღაპრების პერსონაჟების ან სიბნელის, რომლიდანაც ისინი შეიძლება "გამოძვრნენ". ამავე ასაკში პატარებს შეუძლიათ, მშობლების აკრძალვის მიუხედავად, აცოცდნენ სიმაღლეზე და ჩამოსვლის შეეშინდეთ, რადგან ძალიან მაღლა არიან.  5-6 წლის ასაკში ბევრ ბავშვს რომლებსაც ბებიებთან ან სხვა გარშემომყოფებთან ტოვებენ  ეშინია, რომ დედა ან მამა დიდხანს აღარ მოვლენ ზოგჯერ პატარა ბავშვს ამ ასაკში სიკვდილის შიში უჩნდება პატარა ბავშვი ხომ თანდათან აღმოაჩენს ამ სამყაროს და ზღაპრების პერსონაჟთა როლსაც მოირგებს ხოლმე, ისინი კი არა მარტო მღერიან ან ცეკვავენ, ზოგჯერ იხოცებიან კიდეც. ჩამოთვლილი შიშები პათოლოგია არ არის. მაგრამ თუ ბავშვი მუდამ ერთი და იმავე შიშის შესახებ ლაპარაკობს და მას ვერ ძლევს, ესე იგი მას აქვს მყარი ფობია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარება.


No comments:

Post a Comment